(1903–1937)
ევგენი მიქელაძე იყო გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
მისი უშრეტი ენერგიის და მონდომების წყალობით, 1933 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი პროფესიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა არამარტო კლასიკური სიმფონიური მუსიკის პოპულარიაზაციაში, არამედ ქართული სიმფონიური მუსიკის განვითარებაში, რამეთუ იქცა ამ ჟანრში მოღვაწე ახალგაზრდა კომპოზიტორებისათვის შემოქმედებით ლაბორატორიად.
ევგენი მიქელაძესთან თანამშრომლობდნენ შემდგომში ქართული მუსიკის ისეთი კორიფეები როგორიც იყვნენ ანდრია ბალანჩივაძე, შალვა მშველიძე, ალექსი მაჭავარიანი და სხვები. ასეთი მაღალი კლასის დირიჟორთან ურთიერთობა მათ ეხმარებოდა პროფესიულ ზრდაში, ახლის ძიებაში, ინდივიდუალური შემოქმედებითი ხელწერის ჩამოყალიბებაში. ცნობილი ქართველი მუსიკათმცოდნის ანტონ წულუკიძის შეფასებით ევგენი მიქელაძე იყო იმ დროის საქართველოს „სიმფონიური ცხოვრების ჭეშმარიტი მთავარსარდალი“.
მიქელაძის მგზნებარე შემოქმედებითმა მოღვაწეობამ და საქმისადმი ერთგულებამ განაპირობა ის, რომ სრულიად ახალგაზრდა მუსიკოსმა, ლენინგრადის კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა (ცნობილი რუსი დირიჟორის ა.გაუკის კლასი) სულ რაღაც ექვს წელიწადში შეძლო მთლიანად შეეცვალა თბილისის საკონცერტო ცხოვრების სტილი და დონე. მან გაათავისუფლა საოპერო და სიმფონიური მუსიკის შესრულება დილეტანტურ–პროვინციული მანერიზმისაგან და ჩამოაყალიბა საშემსრულებლო კულტურის მაღალი სტანდარტი. მისი ძალისხმევით მოკლე დროში საქართველოში შეიქმნა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ–ერთი საუკეთესო სიმფონიური ორკესტრი, რომელმაც საქართველოში პირველად ააჟღერა კლასიკური სიმფონიური რეპერტუარის მნიშვნელოვანი ქმნილებები: ლ.ვ.ბეთჰოვენის, ი.ბრამსის, ფ.შუბერტის, რ.შუმანის, ჰ. ბერლიოზის, ასევე რუსული კლასიკის უდიდესი წარმომადგენლების პ.ჩაიკოვსკის, ს.რახმანინოვის, ს.პროკოფიევის ნაწარმოებები. გენიალური რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი მიქელაძეს „საბჭოთა სადირიჟორო სკოლის სიამაყედ“ თვლიდა. ეს მაშინ, როცა ამ სარბიელზე მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი დირიჟორები როგორიც იყვნენ ა. მრავინსკი და ნ. რაბინოვიჩი.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის შემოქმედებითი შედეგები, რასაც მიქელაძემ მიაღწია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც ის 1931 წელს ლენინგრადის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს. 1934 წელს, ივანე ფალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, იგი გახდა ოპერის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1936–37 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ მოკლე დროში, მიქელაძის დაუღალავი შემოქმედებითი მოღვაწეობის წყალობით საოპერო თეატრში დაიდგა და აღსდგა 20–მდე სპექტაკლი, მათ შორის ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „ოტელო“, პუჩინის „ტოსკა“, სენ–სანსის „სამსონი და დალილა“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ და სხვ. ამ განახლებულ დადგმებში მიქელაძე წარმოჩნდა როგორც უზადო გემოვნების, მაღალი სადირიჟორო ოსტატობით აღჭურვილი მომთხოვნი და უკომპრომისო შემოქმედი. ათეული წლების შემდეგაც ეს დადგმები საეტალონო ნიმუშებად ითვლებოდა.
ევგენი მიქელაძის სიცოცხლე შემოქმედებითი აღმავლობის ზენიტში შეწყდა. ის სულ რაღაც 34 წლისა იყო, როცა 1937 წელს, საბჭოთა კავშირში განხორციელებული სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა სხვა მრავალ ქართველ მამულიშვილთან და ინტელექტუალური ელიტის გამოჩენილ წარმომადგენლებთან ერთად.
ეროვნული მუსიკალური ხელოვნების წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისა და ამაგის წყალობით მისი სახელი უკვდავების შარავანდედით შეიმოსა.
„შემოქმედებისაგან მიღებულ სიხარულში და ხელოვნებისათვის ახალი ძალების აღზრდაშია ჩემი ცხოვრების შინაარსი“ – წერდა ე. მიქელაძე. ეს სიტყვები მისი სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სამოქმედო პროგრამის დევიზიც გახდა.