თბილისის მეცხრე სამუსიკო სკოლა
∞
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ისტორია მრავალათეულ წელს ითვლის. მისი პირველსათავე 1922 წელს დაარსებული სამუსიკო სტუდია იყო, რომელივ შემდეგ გარდაიქმნა თბილისის მეცხრე სამუსიკო სკოლა-შვიდწლედად. 1951 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა ენერგიული მუსიკოსი, მევიოლინე, შემდგომში რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, ილია ხარაბაძე (1914–1978), რომლის გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭის წყალობით მეცხრე მუსიკალური სკოლა ნორჩ მუსიკოსთა აღზრდის ერთერთ წამყვან კერად იქცა.
ილია ხარაბაძის დაუღალავი მცდელობის შედეგად, 1971 წლიდან სკოლამ ბინა დაიდო ცალკე შენობაში, ბარნოვის ქ. #54–ში, სადაც დღემდეა განთავსებული (მანამდე კი იგი ფუნქციონირებდა ჯერ თბილისის #183 საშუალო სკოლის, ხოლო 1961 წლიდან #53 საშუალო სკოლის შენობაში). ილია ხარაბაძისვე მეცადინეობით, სკოლის დაარსების 50 წლისთავის და ცნობილი ქართველი დირიჟორის ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს თავზე, 1973 წელს მეცხრე მუსიკალურ სკოლას ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა. ეს თარიღი საზეიმოდ იქნა აღნიშნული კონსერვატორიის მცირე დარბაზში (იხ. ფოტოგალერეა).
ახალ შენობაში გადასვლამ და გაფართოებამ სკოლის ცხოვრებას ახალი ენერგია შესძინა. შეიქმნა სანიმუშო პირობები მოსწავლეთა მუსიკალური განათლებისათვის. სკოლამ შეიძინა ახალი ინსტრუმენტები, საკონცერტო დარბაზში დაიდგა ახალი როიალები, იმ დროის ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღიჭურვა ფონოტეკის კაბინეტი, რომელიც მოიცავდა გრამფირფიტებისა და მაგნიტოფირების უმდიდრეს კოლექციას. რადიოფიცირებული კლასები საშუალებას აძლევდა პედაგოგებს მოსწავლეებისათვის მიეწოდებინათ კომპოზიტორთა შემოქმედების ამსახველი მრავალფეროვანი საილუსტრაციო მასალა. სკოლაში ჩამოყალიბდა პედაგოგთა კამერული, მოსწავლეთა სიმებიანი და სასულე ორკესტრები, მოსწავლეთა სიმებიანი ტრიო და კვარტეტი, გაერთიანებული გუნდი. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სასულე ორკესტრში მონაწილეობდნენ არა მარტო საორკესტრო, არამედ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე ვაჟებიც, რომლებიც სპეციალობასთან ერთად ფაკულტატიურად სწავლობდნენ რომელიმე სასულე საკრავზე დაკვრას.
ასეთი ინტენსიური სასწავლო–შემოქმედებითი პოლიტიკის გატარების შედეგად, მეცხრე სამუსიკო სკოლა ბავშვთა მუსიკალური განათლების ერთერთი წამყვან კერად იქცა. მუსიკალური სკოლების რესპუბლიკურ დათვალიერებებზე იგი მუდმივად ერთ-ერთი პირველთაგანი იყო. სკოლის ბევრი მოსწავლე დაჯილდოებული იყო საქართველოს კულურის სამინისტროს ქების სიგელებით და დიპლომებით, პედაგოგები - სამთავრობო ჯილდოებით.
მეცხრე მუსიკალურ სკოლაში მოღვაწეობდნენ იმ დროის ცნობილი პედაგოგები. საფორტეპიანო განყოფილებას სათავეში ედგა ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგი ნინო ფარქოსაძე, საორკესტრო განყოფილებას ხელმძღვანელობდა მრავალი თაობის მევიოლინეთა აღმზრდელი ჰენრიხ შავერდიანი. სკოლაში საფორტეპიანო განყოფილებაზე ასწავლიდნენ დამსახურებული პედაგოგები მარგარიტა და ლარისა ბახტაძეები, გულიკო გაბაშვილი, ლილი გაბუნია, დიანა ხირსელი. ვიოლინოს კლასის პედაგოგებად მუშაობდნენ ცნობილი მუსიკოსები შოთა შანიძე და ირაკლი ბერიძე, შემდგომში თბილისის სახ. კონსერვატორიის პროფესორები, ნუკრი(პეტრე) დავითაშვილი (ჩელო), ედიშერ დათებაშვილი (კონტრაბასი), ოთარ რამიშვილი (გიტარა), დავით ერიქაშვილი (ფლეიტა), გურამ ჩინჩალაძე და ბორის ლაზარევი (კლარნეტი). თეორიულ საგნებს კითხულობდნენ ნათელა ჩიხლაძე, მედეა ქელბაქიანი, კომპოზიციას ასწავლიდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი, მიშა შუღლიაშვილი და სხვ. მათ მიერ აღზრდილმა არაერთმა მოსწავლემ შემდგომში მუსიკოსის პროფესია აირჩია და დღეს, ისინი წარმატებით მოღვაწეობენ როგორც მშობლიურ სასწავლებელში, ასევე თბილისის სახ. კონსერვატორიაში, ორკესტრებში და სხვა მუსიკალურ დაწესებულებებში. ზოგიერთმა მათგანმა კიდევ უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას მიაღწია და თავი დაიმკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე.
1978 წელს ილია ხარაბაძის გარდაცვალების შემდეგ სკოლის დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა ენერგიული მუსიკოსი, ასევე მევიოლინე, გიორგი ქორქაძე, რომელიც დღემდე სათავეში უდგას სასწავლებელს. მისი ხელმძღვანელობით სკოლამ კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწია. სკოლის აღზრდილები მუდმივად მონაწილეობდნენ საქალაქო, რესპუბლიკურ და საბჭოთა კავშირის მაშტაბით ჩატარებულ ნორჩ მუსიკოსთა კონკურსებში სადაც საპრიზო ადგილებს იკავებდნენ. გ. ქორქაძემ შესძლო გაეფართოვებინა ის კავშირები და ურთიერთობები, რომელიც ილია ხარაბაძეს ქონდა დამყარებული ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის წამყვან სამუსიკო სკოლებთან. მეცხრე სკოლას მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობები აკავშირებდა არა მარტო მათთან, არამედ სოციალისტური ქვეყნების მუსიკალურ სკოლებთანაც. იმართებოდა გაცვლითი კონცერტები როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ოდესაში, რიგაში, ერევანში, ბაქოსა და კიროვაბადში დამეგობრებულ სკოლებთან. მეცხრე სკოლის წარმომადგენლები მიწვეულები იყვნენ ქ. ლოძში (პოლონეთი) სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში, სადაც განიხილებოდა მუსიკალურ სკოლებში მუსიკის სწავლებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა თემები. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სპეციალობის, ასევე თეორიული საგნების (სოლფეჯიო, მუსლიტერატურა) პედაგოგები.