საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი
∞
90–იან წლებში მეცხრე მუსიკალური სკოლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნული ძალების ქვეყნის სათავეში მოსვლა და მალევე მათ წინააღმდეგ დაწყებული სამოქალაქო ომი დიდ პოლიტიკურ და სოციალურ კატაკლიზმებთან იყო დაკავშირებული. შექმნილმა პირობებმა შეარყია საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების სტაბილურობა. საქართველოში დაწყებულმა მიგრაციულმა პროცესებმა მწვავედ დააყენა ეროვნული მუსიკალური კულტურის მდიდარი ტრადიციების შენარჩუნების და მის გადარჩენაზე ზრუნვის საკითხი. განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა ეს სამუსიკო შემსრულებლობის ისედაც დეფიციტურ სფეროზე – საორკესტრო შემსრულებლობაზე. დაიწყო საქართველოდან პროფესიონალი ინსტრუმენტალისტ–შემსრულებელთა კადრების საზღვარგარეთ გადინება, ჩვენს წამყვან ორკესტრებში გაჩნდა საკადრო ვაკუუმის წარმოქმნის საშიშროება. სამუსიკო განათლების წინაშე დადგა გადაუდებელი ამოცანა – საორკესტრო საკრავების სპეციალობებზე ნიჭიერი მოზარდი თაობის მოზიდვის და მათი პროფესიული დაოსტატებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობა. საჭირო გახდა ახალი სამუსიკო კერის დაარსება, რომელიც თავის თავზე იტვირთება ეროვნული მუსიკალური კულტურის წინაშე მდგარი ამ მწვავე ამოცანების გადაჭრას.
სწორედ ამიტომ, 1991 წელს, თბილისის მეცხრე სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაარსდა ე. მიქელაძის სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი გაძლიერებული საორკესტრო სწავლების პროფილით. ამ რეორგანიზაციამ გამოიწვია როგორც ძირეული სტრუქტურული ცვლილებები, ასევე სასწავლო პროცესის გადაყვანა თანამედროვე პროგრესულ რელსებზე. ჩამოყალიბდაა ორსაფეხურიანი სასწავლო სისტემა: დაწყებითი შვიდწლიანი სამუსიკო განათლების საფეხურს (I-VII კლასები) დაემატა საშუალო სპეციალური განათლების საფეხური (I-IVკურსები), სადაც პარალელურად ისწავლებოდა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ჰუმანიტარული პროფილის საგნები IX-XI კლასების პროგრამით.(იმ პერიოდში ზოგადსაგანანათლებლო სკოლა 11 წლიანი იყო).
სწავლების პირველ საფეხურზე, შვიდწლიანი სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილებებზე, სადაც სწავლობდნენ 7–14 წლამდე ასაკის მოსწავლეები, პირველად საქართველოში დაინერგა დიფერენცირებული სწავლების მოდელი: ლიბერალური და სპეციალიზებული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მორგებული იყო მოსწავლეების ნიჭზე, უნარზე და სამომავლო პროფესიული ინტერესების გათვალისწინებაზე.
ზოგადი მუსიკალური განათლების პროგრამა ეყრდნობოდა ჩვეულებრივი ბავშვთა მუსიკალური სკოლების სასწავლო გეგმებს, ხოლო სპეციალური სამუსიკო განათლების პროგრამა ხელმძღვანელობდა 1991 წელს კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, მუსიკოსის პროფესიაზე ორიენტირებული სპეციალიზებული სკოლის გაძლიერებული სასწავლო გეგმებით.
დიფერენცირებული სწავლების მოქნილი სისტემა საშუალებას იძლეოდა მოსწავლეთა პირველადი კონტიგენტიდან მომხდარიყო ბავშვების გადარჩევა მუსიკის ზოგადი განათლების მსურველთა და სპეციალური სწავლების ჯგუფებში. ამ უკანასკნელში კი ირიცხებოდნენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და თავიდანვე პროფესიაზე ორიენტირებული ბავშვები. შემდგომ ეტაპზე, გამოცდების, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების და პროფესიული მიღწევების გათვალისწინებით ხდებოდა მოსწავლეთა კონტიგენტის გადანაწილება სწავლების სხვადასხვა ინტენსიობის ჯგუფებში. ეს გამორიცხავდა სპეციალური სწავლების სექტორზე, ყოველ მომდევნო კლასში აკადემიურად არასათანადოდ მომზადებული კადრის მოხვედრას და პირიქით - ზოგადი სექტორიდან დაწინაურებულ მოსწავლეს საშუალება ქონდა სწავლა გაეგრძელებინა სპეცსექტორზე. რაც შეეხება მუსიკის ზოგადი სწავლების სექტორს, აქ ბავშვები იღებდნენ მაღალი ხარისხის საერთო მუსიკალურ განათლებას, რაც მათ აყალიბებდათ კვალიფიციურ მუსიკის მოყვარულებად.
კოლეჯში მოწვეულ იქნა მაღალი რანგის პედაგოგები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საორკესტრო განყოფილების გამგის,მევიოლინის, დამსახურებული პედაგოგის ასიკო (აქვსენტი) მეგრელიძის (1937–2012) ღვაწლი, რომლის თავდადებულმა მუშაობამ განსაზღვრა საორკესტრო განყოფილების წარმატებული საქმიანობა და მოსწავლეთა პროფესიული მომზადების მაღალი ხარისხი. კოლეჯის მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმატებები, რომელთა შორის ა. მეგრელიძის აღზრდილი ახალგაზრდა მევიოლინეებიც იყვნენ, იასახა გამარჯვებებში საქალაქო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში. ზოგიერთი მათგანი გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი და გრანტის მფლობელი.
კოლეჯის სრული კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებდნენ დიპლომს. მათ ენიჭებოდათ შესაბამისი კვალიფიკაცია და მუშაობის უფლება. ეს უფლება საორკესტრო განყოფილების მრავალმა კურსდამთავრებულმა გამოიყენა, რომლებმაც კონკურსის გავლის შემდეგ ღირსეულად დაიკავა ვაკანტური ადგილები მოქმედ ორკესტრებში. კოლეჯში აღიზარდნენ ახალგაზრდა თაობის მუსიკოსები, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოში და საზღვარგარეთ.