ევგენი მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი
∞
2006 წელს, ხელოვნების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა გამოიწვია საქართველოში მოქმედი 200–მდე მუსიკალური სკოლის გარდაქმნა მრავალპროფილიან სახელოვნო სკოლებად, ლიკვიდირებულ იქნა საშუალო პროფესიული მუსიკალური სასწავლებლები, გაუქმდა ერთიანი საგანმანათლებლო სტანდარტები და სასწავლო პროგრამები. მოხდა სამუსიკო სასწავლებლების ოპტიმიზაცია, ხოლო ზოგიერთის გაუქმება. ამ ნაკადში მოხვდა თბილისის სახ. კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლა, რომლის ლიკვიდაციის შემდეგ მისი კონტიგენტი შეუერთდა ე. მიქელაძის სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯს. ამ შეერთების საფუძველზე ჩამოყალიბდა 12 წლიანი სპეციალიზებული ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი. გაერთიანების შედეგად სასწავლებელში ჩამოყალიბდა შემდეგი განყოფილებები – საფორტეპიანო, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი ინსტრუმენტები), საგუნდო–სადირიჟორო, ვოკალური და თეორიულ–საკომპოზიციო.
2006 წლიდან სასწავლებლის წინაშე დაისახა მნიშვნელოვანი ამოცანები სასწავლო–საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების კუთხით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ახალი თაობის მუსიკოსთა აღზრდა, როგორც გარანტია უშრეტი რესურსისა პროფესიული კადრების განახლების გზაზე.
სასწავლებლის წარმატებული საქმიანობის დასტურია ის შედეგები, რომელსაც აღწევენ ჩვენი მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, ყოველ წელს გამართულ მრავალრიცხოვან საკონცერტო ღონისძიებებში ჩვენს ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ.
სასწავლებელი ყოველწლიურად მართავს 10-15 საანგარიშო, საჩვენებელ თუ სიმფონიურ კონცერტს თბილისის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში: კონსერვატორიის დიდი და მცირე დარბაზები, კულტურის ცენტრი "მუზა", საქართველოს მუსიკალური ცენტრის, კომპოზიტორთა კავშირის დარბაზები, ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზი, ელენე ახლვლედიანის სახლ-მუზეუმი და სხვ.
სასწავლებელმა თავის ბაზაზე დააფუძნა რამოდენიმე რესპუბლიკური მასშტაბის კონკურსი:
- ევგენი მიქელაძის სახელობის საორკესტრო საკრავებზე ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი;
- ნოდარ ანდღულაძის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა კონკურსი;
- კამერული ანსამბლების კონკურსი;
სასწავლებელი არის ასევე საქართველოს ახალგაზრდა და ბავშვთა საგუნდო კოლექტივების კონკურსის თანაორგანიზატორი.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კონკურსებში წარმატებით მონაწილეობენ სასწავლებლის მოსწავლეები, კამერული ანსამბლები თუ საგუნდო კოლექტივები. მათ მოიპოვეს მაღალი საპრიზო ადგილები და გახდნენ ამ კონკურსების ლაურეატები. (უფრო დეტალური ინფორმაცია იხ.: მენიუში "კონკურსები").
სასწავლებელი აგრძელებს წარმატებულ სასწავლო–შემოქმედებით მუშაობას, რაც ახალგაზრდა თაობის აღზრდის და მათი პროფესიული განვითერების მყარი გარანტიაა.