ევგენი მიქელაძის სახელობისქ. თბილისის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ევგენი მიქელაძე

გამოჩენილი ქართველი დირიჟორი. მისმა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო შემსრულებლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ...

Sruliad Naxva

ისტორია                 

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი საშუალო პროფესიული განათლების ერთერთი უმნიშვნელოვანესი კერაა საქართველოში. მან თავისი ავტორიტეტი და რეპუტაცია არსებობის მრავალწლიანი  ისტორიისა და მდიდარი ტრადიციების საფუძველზე მოიხვეჭა. 

თბილისის მეცხრე სამუსიკო სკოლა

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი თავდაპირველად, 1922 წელს,  დაარსდა როგორც  სამუსიკო სტუდია, რომელივ შემდეგ გარდაიქმნა მეცხრე სამუსიკო სკოლად. 1951 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა ახალგაზრდა ენერგიული მუსიკოსი, მევიოლინე, შემდგომში რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, ილია ხარაბაძე (1914–1978), რომლის გამორჩეული  ორგანიზატორული ნიჭის წყალობით მეცხრე მუსიკალური სკოლა ნორჩ მუსიკოსთა აღზრდის  ერთ-ერთ წამყვან კერად იქცა. 

ილია ხარაბაძის დაუღალავი მცდელობის შედეგად, 1971 წლიდან სკოლამ ბინა დაიდო ცალკე შენობაში, ბარნოვის ქ. #54–ში, სადაც  დღემდეა განთავსებული (მანამდე კი იგი ფუნქციონირებდა ჯერ თბილისის #183 საშუალო სკოლის,  ხოლო 1961 წლიდან #53 საშუალო სკოლის შენობაში). ილია ხარაბაძისვე მეცადინეობით, სკოლის დაარსების 50 წლისთავის და   ცნობილი ქართველი დირიჟორის ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს თავზე, 1973 წელს მეცხრე მუსიკალურ სკოლას ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა.  ეს თარიღი საზეიმოდ იქნა აღნიშნული კონსერვატორიის მცირე დარბაზში (იხ. ფოტოგალერეა). 

ახალ შენობაში გადასვლამ და გაფართოებამ სკოლის ცხოვრებას ახალი ენერგია  შესძინა. შეიქმნა სანიმუშო  პირობები მოსწავლეთა მუსიკალური განათლებისათვის. სკოლამ შეიძინა ახალი ინსტრუმენტები, საკონცერტო დარბაზში დაიდგა  ახალი როიალები, იმ დროის ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღიჭურვა ფონოტეკის კაბინეტი, რომელიც მოიცავდა გრამფირფიტებისა და მაგნიტოფირების უმდიდრეს კოლექციას.     რადიოფიცირებული კლასები საშუალებას აძლევდა პედაგოგებს მოსწავლეებისათვის მიეწოდებინათ კომპოზიტორთა შემოქმედების ამსახველი მრავალფეროვანი საილუსტრაციო  მასალა. სკოლაში ჩამოყალიბდა პედაგოგთა კამერული, მოსწავლეთა სიმებიანი და სასულე ორკესტრები, მოსწავლეთა სიმებიანი ტრიო და კვარტეტი, გაერთიანებული გუნდი. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სასულე ორკესტრში მონაწილეობდნენ არა მარტო საორკესტრო, არამედ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლე ვაჟებიც, რომლებიც სპეციალობასთან ერთად ფაკულტატიურად სწავლობდნენ რომელიმე სასულე საკრავზე დაკვრას.

ასეთი ინტენსიური სასწავლო–შემოქმედებითი პოლიტიკის გატარების შედეგად, მეცხრე სამუსიკო სკოლა ბავშვთა მუსიკალური განათლების  ერთერთი წამყვან კერად იქცა. მუსიკალური სკოლების რესპუბლიკურ დათვალიერებებზე იგი მუდმივად ერთერთი პირველთაგანი იყო. სკოლის ბევრი მოსწავლე დაჯილდოებული იყო საქართველოს კულურის სამინისტროს ქების სიგელებით და დიპლომებით, პედაგოგები სამთავრობო ჯილდოებით.

მეცხრე მუსიკალურ სკოლაში მოღვაწეობდნენ  იმ დროის ცნობილი პედაგოგები. საფორტეპიანო განყოფილებას სათავეში ედგა  ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგი ნინო ფარქოსაძე,  საორკესტრო განყოფილებას ხელმძღვანელობდა მრავალი თაობის მევიოლინეთა აღმზრდელი ჰენრიხ შავერდიანი. სკოლაში საფორტეპიანო განყოფილებაზე ასწავლიდნენ დამსახურებული პედაგოგები მარგარიტა და ლარისა ბახტაძეები, გულიკო გაბაშვილი, ლილი გაბუნია, დიანა ხირსელი. ვიოლინოს კლასის პედაგოგებად მუშაობდნენ ცნობილი მუსიკოსები შოთა შანიძე და ირაკლი ბერიძე, შემდგომში თბილისის სახ. კონსერვატორიის პროფესორები,  ნუკრი დავითაშვილი (ჩელო), ედიშერ დათებაშვილი (კონტრაბასი), ოთარ რამიშვილი (გიტარა), დავით ერიქაშვილი (ფლეიტა),  გურამ ჩინჩალაძე და ბორის ლაზარევი (კლარნეტი). თეორიულ საგნებს კითხულობდნენ ნათელა ჩიხლაძე, მედეა ქელბაქიანი, კომპოზიციას ასწავლიდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი, მიშა შუღლიაშვილი და სხვ. მათ მიერ აღზრდილმა არაერთმა მოსწავლემ  შემდგომში მუსიკოსის პროფესია აირჩია და   დღეს, ისინი წარმატებით მოღვაწეობენ როგორც მშობლიურ სასწავლებელში, ასევე თბილისის სახ. კონსერვატორიაში, ორკესტრებში და სხვა მუსიკალურ დაწესებულებებში. ზოგიერთმა მათგანმა კიდევ უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას მიაღწია და თავი დაიმკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე. 

1978 წელს ილია ხარაბაძის გარდაცვალების შემდეგ სკოლის დირექტორად დაინიშნა  ახალგაზრდა ენერგიული მუსიკოსი, ასევე მევიოლინე, გიორგი ქორქაძე, რომელიც დღემდე სათავეში უდგას სასწავლებელს. მისი ხელმძღვანელობით სკოლამ კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწია. სკოლის აღზრდილები მუდმივად მონაწილეობდნენ საქალაქო, რესპუბლიკურ და საბჭოთა კავშირის მაშტაბით ჩატარებულ ნორჩ მუსიკოსთა კონკურსებში სადაც  საპრიზო ადგილებს იკავებდნენ (იხ. ჩვენი ლაურეატები). გ. ქორქაძემ შესძლო გაეფართოვებინა  ის კავშირები და ურთიერთობები, რომელიც ილია ხარაბაძეს ქონდა დამყარებული  ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის წამყვან მუსიკალურ სკოლებთან. მეცხრე  სკოლას მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობები აკავშირებდა არა მარტო მათთან, არამედ სოციალისტური ქვეყნების მუსიკალურ სკოლებთანაც.  იმართებოდა გაცვლითი  კონცერტები როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ოდესაში, რიგაში, ერევანში, ბაქოსა და  კიროვაბადში დამეგობრებულ სკოლებთან. მეცხრე სკოლის წარმომადგენლები  მიწვეულები იყვნენ ქ. ლოძში  (პოლონეთი) სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში, სადაც განიხილებოდა მუსიკალურ სკოლებში მუსიკის სწავლებისადმი  მიძღვნილი  სხვადასხვა თემები.  კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სპეციალობის, ასევე  თეორიული საგნების (სოლფეჯიო, მუსლიტერატურა) პედაგოგები.

 

                        ე.მიქელაძის სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი

 

90–იან წლებში მეცხრე მუსიკალური სკოლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლა,  საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნული ძალების ქვეყნის სათავეში მოსვლა და მალევე მათ წინააღმდეგ დაწყებული სამოქალაქო ომი დიდ პოლიტიკურ  და სოციალურ კატაკლიზმებთან იყო დაკავშირებული.  შექმნილმა პირობებმა საზოგადოების წინაშე მწვავედ დააყენა ეროვნული მუსიკალური კულტურის მდიდარი ტრადიციების შენარჩუნების და მის გადარჩენაზე ზრუნვის საკითხი. საქართველოში დაწყებულმა მიგრაციულმა პროცესებმა განსაკუთრებით მტკივნეულად იმოქმედა სამუსიკო შემსრულებლობის ისედაც დეფიციტურ სფეროზე – საორკესტრო შემსრულებლობაზე. დაიწყო საქართველოდან პროფესიონალი ინსტრუმენტალისტ–შემსრულებელთა კადრების საზღვარგარეთ გადინება, ჩვენს წამყვან ორკესტრებში გაჩნდა საკადრო ვაკუუმის წარმოქმნის  საშიშროება. სამუსიკო განათლების წინაშე დადგა გადაუდებელი ამოცანა – საორკესტრო საკრავების სპეციალობებზე ნიჭიერი მოზარდი თაობის მოზიდვისა და მათი პროფესიული დაოსტატებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა. საჭირო გახდა ახალი სამუსიკო კერის დაარსება, რომელიც თავის თავზე აიღებდა  ეროვნული მუსიკალური კულტურის წინაშე მდგარი ამ მწვავე ამოცანების გადაჭრას.

ამ ამოცანის გადასაჭრელად, თბილისის მეცხრე სამუსიკო სკოლის ბაზაზე, 1991 წელს  შეიქმნა ე. მიქელაძის სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი.  ამ რეორგანიზაციამ  გამოიწვია როგორც ძირეული სტრუქტურული ცვლილებები, ასევე სასწავლო პროცესის გადაყვანა თანამედროვე  პროგრესულ რელსებზე.

საკრავიერი ხელოვნების  კოლეჯი ჩამოყალიბდა როგორც სასწავლო დაწესებულება გაძლიერებული საორკესტრო  პროფილით. სტრუქტურულად მოხდა დაწყებითი  შვიდწლიანი სამუსიკო   (I-VII კლასები)  და საშუალო  სპეციალური  განათლების საფეხურების (I-IVკურსები) გაერთიანება.კოლეჯის ზედა რგოლში ასევე პარალელურად ისწავლებოდა  ზოგადი საშუალო სკოლის ჰუმანიტარული პროფილის საგნები IX-XI კლასების პროგრამით.

სწავლების პირველ ეტაპზე, შვიდწლიანი სამუსიკო სკოლის საფეხურზე, სწავლობდნენ 7–14 წლამდე ასაკის მოსწავლეები. სწორედ ამ საფეხურზე, პირველად საქართველოში განხორციელდა დიფერენცირებული სწავლების მოდელი: ლიბერალური და სპეციალიზებული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა დაწყებითი სწავლების საფეხურზე და მათი მორგება მოსწავლეებზე ნიჭის, უნარის და სამომავლო პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით. ამ საფეხურზე პარალელურ რეჟიმში მოქმედებდა ორი სასწავლო პროგრამა:    ზოგადი მუსიკალური განათლების –რომელიც ეყრდნობოდა ჩვეულებრივი მუსიკალური სკოლების სასწავლო გეგმებს, და სპეციალური სამუსიკო განათლების – რომელიც ხელმძღვანელობდა 1991 წელს კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, პროფესიაზე ორიენტირებული, გაძლიერებული სასწავლო გეგმებით.

დიფერენცირებული სწავლების მოქნილი სისტემა საშუალებას იძლეოდა  მოსწავლეთა პირველადი კონტიგენტიდან შერჩეულიყო განსაკუთრებით  ნიჭიერი და თავიდანვე პროფესიაზე ორიენტირებული ბავშვები და ამ საფუძველზე დაკომპლექტებულიყო სპეციალიზებული  სწავლების ჯგუფები. დანარჩენ ბავშვებს კი მიეღოთ მაღალი ხარისხის   ზოგადი  მუსიკალური განათლება, რაც მათ აყალიბებდა განათლებულ მუსიკის მოყვარულებად. 

ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, გამოცდების გზით, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების  და პროფესიული მიღწევების  გათვალისწინებით, ხდებოდა მოსწავლეთა კონტიგენტის  გადარჩევა სწავლების სხვადასხვა ინტენსიობის სექტორებზე. ეს გამორიცხავდა  სპეციალური სწავლების სექტორზე, ყოველ მომდევნო კლასში აკადემიურად არაშესაფერისად მომზადებული კადრის მოხვედრას და პირიქით, ზოგადი  სექტორიდან შესაძლებელი იყო დაწინაურებული მოსწავლის გადმოყვანა სპეცსექტორზე. 

კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები იღებდნენ დიპლომს. მათ ენიჭებოდათ  შესაბამისი კვალიფიკაცია და  მუშაობის უფლება. ეს უფლება საორკესტრო განყოფილების მრავალმა  კურსდამთავრებულმა გამოიყენა, რომლებმაც ღირსეულად დაიკავეს  ადგილები, კონკურსის გავლის საშუალებით, მოქმედ ორკესტრებში და შეავსეს  საკადრო დეფიციტი, რომელიც საქართველოდან საორკესტრო შემსრულებელთა ინტენსიური მიგრაციით იყო  გამოწვეული. 

კოლეჯში მოწვეულმა მაღალი რანგის პედაგოგებმა და აქ წარმართულმა ინტენსიურმა სასწავლო–შემოქმედებითმა მუშაობამ განაპირობა კოლეჯის მოსწავლეთა წარმატებები, რაც იასახა მათ გამარჯვებებში საქალაქო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში. ზოგიერთი მათგანი გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი და გრანტის მფლობელი. კოლეჯში აღიზარდნენ ახალგაზრდა თაობის მუსიკოსები, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოში თუ საზღვარგარეთ.

 

          ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

 2006 წელს,  ხელოვნების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა გამოიწვია  საქართველოში მოქმედი 200–მდე მუსიკალური სკოლის გარდაქმნა მრავალპროფილიან სახელოვნო სკოლებად, ლიკვიდირებულ იქნა საშუალო პროფესიული მუსიკალური სასწავლებლები, გაუქმდა ერთიანი საგანმანათლებლო სტანდარტები და სასწავლო პროგრამები. მოხდა სამუსიკო სასწავლებლების ოპტიმიზაცია, ხოლო ზოგიერთის  გაუქმება. ამ ნაკადში მოხვდა თბილისის სახ. კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სკოლა, რომლის ლიკვიდაციის შემდეგ მისი კონტიგენტი შეუერთდა  ე. მიქელაძის  სახ. საკრავიერი ხელოვნების კოლეჯს. ამ შეერთების საფუძველზე ჩამოყალიბდა 12 წლიანი სპეციალიზებული ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი. გაერთიანების შედეგად სასწავლებელში ჩამოყალიბდა შემდეგი განყოფილებები – საფორტეპიანო, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი ინსტრუმენტები), საგუნდო–სადირიჟორო, ვოკალური და თეორიულ–საკომპოზიციო.

2006 წლიდან სასწავლებლის წინაშე კვლავ დაისახა მნიშვნელოვანი ამოცანები-  სახელმწიფოს წინაშე აღებული  სასწავლო–შემოქმედებითი საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელების ვალდებულება, რომლის მთავარი მიზანია აღზარდოს პროფესიაზე ორიენტირებული მუსიკოსთა ახალი თაობა, როგორც  უშრეტი რესურსი პროფესიული კადრების განახლების გზაზე.

სასწავლებლის წარმატებული საქმიანობის დასტურია ის შედეგები, რომელსაც აღწევენ ჩვენი მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, ყოველ წელს გამართულ მრავალრიცხოვან საკონცერტო ღონისძიებებში ქალაქის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში  (კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზები, მუსიკის ეროვნული ცენტრის, „მუზის“, კომპოზიტორთა კავშირის დარბაზებში  და სხვ.), ასევე საერთაშორისო პროექტებში ჩვენი მოსწავლეთა მონაწილეობა და სხვ.

სასწავლებელი აგრძელებს წარმატებულ სასწავლო–შემოქმედებით მუშაობას, რაც ახალგაზრდა თაობის აღზრდის და მათი პროფესიული დაკვალიანების მყარი გარანტია  მომავალშიც.