სიახლე! მოსამზადებელი ჯგუფები 5-6 წლის ბავშვებისათვის
სასწავლებელი, ოქტომბრიდან ხსნის მოსამზადებელ ჯგუფებს 5-6 წლის ბავშვებისათვის.
2022-2023 სასწავლო წლიდან ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი გეგმავს საბიუჯეტო სექტორის საფორტეპიანო განყოფილების I კლასში მისაღები გამოცდები ჩაატაროს ინსტრუმენტზე საგამოცდო პროგრამის შესრულების საფუძველზე.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ ხშირად კარგი მუსიკალური მონაცემები (სმენა, მეხსიერება, რითმი) არ განსაზღვრავს მოსწავლის წარმატებას სწავლის პროცესში, რომლის დროსაც თავს იჩენს ბავშვის პიროვნული თვისებები: ინერტულობა, სიზარმაცე, ყურადღების გაფანტულობა, მუსიკის სწავლისადმი ზერელე დამოკიდებულება. ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს ფორტეპიანოზე დაკვრის უნარ-ჩვევების, სანოტო ანბანის, ფურცლიდან კითხვის წარმატებით ათვისებას და შემდგომ წინსვლას.
საგამოცდო პროგრამის შესრულების დროს კი ყველაფერი ნათელი ხდება. დაკვრის დროს მოსწავლე წარმოაჩენს, როგორც თავის თანდაყოლილ მუსიკალურ მონაცემებს, ასევე მომავალი მუსიკოსის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ თვისებებს: მუსიკის განცდის და გამოხატვის უნარს, ბუნებრივ მოტორულ შესაძლებლობებს, გააზრებულ დამოკიდებულებას სხვადასხვა ხასიათის პიესების შესრულების დროს და ა.შ.
მომავალი პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდის მიზნით, სასწავლებელი, ოქტომბრიდან ხსნის მოსამზადებელ ჯგუფებს 5-6 წლის ბავშვებისათვის, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი მუსიკალური მონაცემები და სურვილი დაეუფლონ ადრეული ასაკიდან ფორტეპიანოზე დაკვრას. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება ინოვაციური მეთოდები ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობების, ფანტაზიის, კრეატიულობის, ინდივიდუალური პროფილის განსავითარებლად.
სწავლა იწარმოებს ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისად მომზადებული ბავშვების ჩარიცხვას სასწავლებლის საბიუჯეტო სექტორის (უფასო სწავლების) I კლასში მომავალი სასწავლო წლიდან.
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მეცადინეობებს სპეციალურ საგანში - ფორტეპიანო, კვირაში ორჯერ, და ჯგუფურ მეცადინეობას კვირაში ერთხელ, რომელშიც შერწყმული იქნება სოლფეჯიოს, რითმიკის და საბავშვო ინსტრუმენტებზე მუზიცირების ელემენტები.
მოსამზადებელ ჯგუფებში სწავლის გადასახადი შეადგენს 700 ლარს წელიწადში. შესაძლებელია სწავლის ქირის გადახდა სემესტრების დასაწყისში:
I სემესტრი / ოქტომბერი – 350 ლ.
II სემესტრი / იანვარი – 350 ლ.