გამოხმაურება "კამერტონის" შესახებ გერმანულ პრესაში
2022-11-07
დაჯილდოებული მუსიკოსები
დასრულდა ბახის სახლში მიმდინარე საზაფხულო კონცერტების სერია
აღფრთოვანებული ტაშით დააჯილდოვა პუბლიკამ ბახის სახლში ოთხი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის გამოსვლა. მათ გამართეს მრავალფეროვანი პროგრამებით გაჯერებული კონცერტები გასულ შაბათ-კვირას. კონცერტებს ორგანიზება და მოდერაცია გაუწია ქალბატონმა ლუდმილა ფონ ბერგმა, რომელიც არის ბერლინში არსებული Eurocon e.V-ის პროექტის „კამერტონის“ თავმჯდომარე და იმავდროულად საკონცერტო ვიზიტის ინიციატორი. ის, მუსიკის ამ ფორმატით, უკვე მრავალი წელია არის ბახის სახლის სტუმარი.
პუბლიკის წინაშე წარსდგა ოთხი მუსიკოსი - 16 წლის მევიოლინე ნატალი ტურიატკო, 22 წლის პიანისტი ელენე კვანტალიანი, ამავე ასაკის ტენორი ფალანდა ღვინჯილია და 26 წლის კლარნეტისტი გიორგი ოიკაშვილი. ეს უკანასკნელი, 2015 წელსაც გამოვიდა ბახის სახლში.
შაბათის კონცერტი გაიხსნა ტრიოს ფორმატში - შესრულდა ფრანც შუბერტის „კლდის მწყემსი“, ხოლო კვირის კონცერტზე კი პირველ ნომრად შესრულდა მოცარტის ტრიო კლარნეტის, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის. კონცერტის დასასრულს კი, მუსიკოსებმა შეასრულეს ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის „ნოქტიურნი“. მომღერალმა ფალანდა ღვინჯილიამ დაიპყრო პუბლიკა მისი ძლიერი, იტალიური ტენორული ტემბრით შესრულებული სამი არიით.
განსაკუთრებულად გამორჩეული იყო მევიოლინე ნატალი ტურიატკოს გამოსვლა. მას მოპოვებული აქვს პრიზები მრავალ კონკურსში, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე. მან შეასრულა ბახის პარტიტა №1 სოლო ვიოლინოსთვის (პირველი ნაწილი), პოლონელი კომპოზიტორის ჰენრიკ ვენიავსკის არაჩვეულებრივი იტალიური „ტარანტელა“, ასევე ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის ტემპერამენტული ცეკვა „საჭიდაო“.
ყველაზე უფრო მოცულობითი ამოცანა დასაძლევი ჰქონდა პიანისტ ელენე კვანტალიანს. ის არა მხოლოდ აკომპანიმენტს უწევდა მონაწილეებს, არამედ, როგორც სოლისტმა შეასრულა ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდისა და ფრანც შუბერტის ორი ვირტუოზული ნაწარმოები.
დამაჯერებელი და გამომსახველი შესრულება ჰქონდა კლარნეტისტ გიორგი ოიკაშვილს, რომელმაც გააოცა საზოგადოება, განსაკუთრებით ვერდის ოპერა „რიგოლეტოს“ თემებზე შექმნილი ლუიჯი ბასის „საკონცერტო ფანტაზიის“ აჟღერებით.
მსმენელმა მოისმინა ორი კონცერტი. „კამერტონის“ დამფუძნებელმა, ქ-ნმა ლუდმილა ფონ ბერგმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების გამოსვლის შესაძლებლობისთვის. იმავდროულად მისი მადლობა ეკუთვნოდა ამ ღონისძიების მხარდამჭერებს, დამფინანსებლებს - გოეთეს ინსტიტუტსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ამ კონცერტებით დასრულდა საზაფხულო საკონცერტო სერია ბახის სახლში.